Speedy 25: ჩანთა, რომელიც ოდრი ჰეპბერნის თხოვნით „დააპატარავეს“
1965 წელს ოდრი ჰეპბერნმა Louis Vuitton-ს უფრო პატარა Speedy სთხოვა. ასე გაჩნდა ჩანთის ყველაზე საყვარელი ზომა და პროპორციის გაკვეთილი, რომელიც შენც გამოგადგება.
Speedy მოგზაურობის ხანაში დაიბადა. 1930 წელს Louis Vuitton-მა ის Express-ის სახელით გამოუშვა. სახელი იმდროინდელ სისწრაფეს ეძღვნებოდა: მატარებლებსა და პირველ კომერციულ რეისებს, რომლებიც ქვეყნებს ერთმანეთთან აახლოებდა.
ეს იყო დიდი Keepall-ის პატარა, „ქალაქური“ ვერსია: 30 სანტიმეტრი სიგანე, რბილი კორპუსი და ორი სახელური. მოგვიანებით 35- და 40-სანტიმეტრიანი ზომებიც დაემატა.
ოდრის ერთი თხოვნა
1965 წელს ოდრი ჰეპბერნმა ბრენდს უჩვეულო რამ სთხოვა. Speedy მოსწონდა, მაგრამ მისი აღნაგობისთვის დიდი იყო. უფრო პატარა უნდოდა.
Louis Vuitton დათანხმდა და ასე გაჩნდა Speedy 25. იმავე წელს ჰეპბერნი ლონდონის ჰითროუს აეროპორტში გამოჩნდა: ბეწვის არშიიანი პალტო, მაღალყელიანი ჩექმები და ხელში პატარა Speedy. 1967 წელს პარიზში ამ ჩანთას Givenchy-ს შარვლიან კოსტიუმს უხამებდა, 1968-ში რომში კი ზამშის თავსაფარსა და ხელთათმანებს.
იმ ფოტოებს თუ დააკვირდები, ერთ რამეს შენიშნავ: ჩანთა ჰეპბერნს არასდროს „ფარავს“. ის სილუეტის ნაწილია.
ზომა ჩანთის ყველაზე ჩუმი დეტალია, მაგრამ სწორედ ის წყვეტს, შენ ატარებ ჩანთას თუ ჩანთა გატარებს შენ.
რატომ მოგვწონს ეს ამბავი?
ჰეპბერნის თხოვნა არც მოდას აჰყოლია და არც ახირება ყოფილა. ის უბრალოდ ძალიან კარგად იცნობდა საკუთარ სხეულს და ცხოვრების რიტმს.
ჩანთას ჩვენც ასე ვარჩევთ. ფერსა და ბრენდზე ფიქრამდე ჯერ ვკითხულობთ: ვისთვის არის, რას ჩადებს შიგ და როგორ დაიჭერს ხელში? ერთსა და იმავე მოდელს 30 და 25 სანტიმეტრზე სულ სხვადასხვა ხასიათი აქვს.
როგორ იცნო Speedy?
- ერთი მთლიანი ტილო. კორპუსი ერთიანი ნაჭრისგან იკერება, ამიტომ მონოგრამა ერთ მხარეს თავდაყირაა. ასე ჩანს, როგორ არის ჩანთა აწყობილი, და ყალბის გარჩევაშიც დაგეხმარება.
- სახელურები, რომლებიც ფერს იცვლის. ღია, დაუმუშავებელი ტყავი წლებთან ერთად თაფლისფერ პატინას იძენს. ორ ერთნაირ ძველ Speedy-ს ვერ ნახავ.
- იკეცება. რბილი კორპუსი ჩემოდანში ბრტყლად ჩაიდება. მოგზაურობის ხანაში დაბადებულ ჩანთას ეს თვისება დღემდე შემორჩა.
2011 წელს Speedy Bandoulière გამოჩნდა, მოსახსნელი თასმით. შეგიძლია მხარზე გადაიკიდო ან cross-body ატარო, თუმცა ბევრს ის მაინც ჰეპბერნივით ხელში უჭირავს.
ჰეპბერნის გაკვეთილი ზამთრისთვის
ზამთარში პალტო სილუეტს ამსხვილებს და პროპორციის საკითხიც უფრო მწვავდება. სქელ პალტოსთან დიდი ტოუტი ხშირად მძიმე ჩანს, პატარა, ბოულინგის ფორმის ჩანთა კი სილუეტს ამსუბუქებს.
თუ ჩანთას შენთვის არჩევ, ჰეპბერნივით ერთი წუთით სარკესთან შეჩერდი. ჯერ ჩანთას ხედავ და მხოლოდ მერე საკუთარ თავს? მაშინ ერთი ზომით პატარა მოსინჯე.
ინსპირაცია: Sotheby's: Louis Vuitton Speedy; Harper's Bazaar: Speedy-ის ისტორია