ზამთარი და ტყავის ჩანთა: წვიმა, თოვლი, მარილი და ის საშიში რადიატორი
გარეთ სველი თოვლი და მარილი, შინ გამომშრალი ჰაერი. ზამთარი ჩანთას არ ინდობს, მაგრამ რამდენიმე პატარა ჩვევით გაზაფხულს ისეთივე დახვდება, როგორიც იყიდე.
გამოტყდი, ერთხელ მაინც შემოგიდია სველი ჩანთა რადიატორზე. ვის არ შემოუდია. მერე კი გვიკვირს, რატომ დაუსკდა კუთხეები და სად გაქრა ის სირბილე.
ზამთარი ტყავს ორი მხრიდან უტევს. გარეთ წვიმა, სველი თოვლი და გზებზე მოყრილი მარილია, შინ კი რადიატორი, რომელიც ჰაერთან ერთად ჩანთასაც აშრობს. კარგი ამბავი ის არის, რომ კარგ ტყავს ბევრი არაფერი სჭირდება. რამდენიმე ჩვევა და მორჩა.
ჩანთა დაგისველდა. ახლა რა ქნა?
პირველ რიგში, არანაირი სითბო. არც ფენი, არც რადიატორი, არც მზე. უეცარი სიცხისგან ტყავი სკდება და ფორმას კარგავს.
აიღე რბილი ნაჭერი და წყალი ფრთხილად შეაშრე, ოღონდ არ გახეხო. შიგნით თეთრი ქაღალდი ან ბამბის პირსახოცი ჩაუდე, რომ ფორმა შეინარჩუნოს. გაზეთი არ გამოდგება, მისი საღებავი შეიძლება ტყავზე გადავიდეს. მერე უბრალოდ დატოვე ოთახის ტემპერატურაზე და აცალე.
როცა ბოლომდე გაშრება, ცოტა კრემი წაუსვი. წყალს ტყავის ბუნებრივი ცხიმიც თან მიაქვს და ეს უნდა დაუბრუნო.
ის თეთრი ზოლები მარილია
თბილისში თოვლის დროს ქუჩებში მარილს ყრიან. ფეხსაცმლიდან, პალტოდან, სკამიდან ის ჩანთის ძირსა და კიდეებზე გადადის და თეთრ ზოლებად რჩება.
აქ მთავარია, არ დააყოვნო. სუფთა წყალში ოდნავ დასველებული ნაჭრით მოწმინდე, თუ დასჭირდა, რამდენჯერმე. მერე ისევე გააშრე და კრემი წაუსვი, როგორც დასველებულ ჩანთას. რაც უფრო დიდხანს რჩება მარილი ტყავზე, მით უფრო ღრმად ჯდება.
რადიატორი, „უჩინარი“ მტერი
ზამთარში დახურულ ოთახში ჰაერი ძალიან მშრალია. ჩანთა, რომელიც მთელი დღე რადიატორთან, სკამზე დევს, ნელ-ნელა სირბილეს კარგავს და კუთხეებში ბზარები უჩნდება.
ორი პატარა ჩვევაც საკმარისია:
- ჩანთა სითბოს მოაშორე, თუნდაც ერთი მეტრით.
- ყოველდღიურ ჩანთას თვეში ერთი-ორჯერ კრემი წაუსვი. თხელ ფენად, რბილი ნაჭრით, ზედმეტი კი მოწმინდე.
ერთი რამ არ დაგავიწყდეს: ახალი კრემი ჯერ შეუმჩნეველ ადგილას გამოსცადე, მაგალითად სახელურის ქვედა მხარეს. ზოგი კრემი ღია ფერის ტყავს ამუქებს და ამას სჯობს იქ გაიგებ, სადაც არავინ ხედავს.
კარგი ტყავი გამძლეა, მაგრამ უკვდავი არ არის. ზუსტად იმდენ ხანს გაგიძლებს, რამდენადაც გაუფრთხილდები.
წყალგაუმტარი სპრეი ღირს?
ღირს, ოღონდ ზომიერად. სპრეი ან კრემი ტყავს თხელი დამცავი ფენით ფარავს და სუნთქვას არ უშლის. დაიტანე მსუბუქად და თანაბრად, მანამდე კი ისევ შეუმჩნეველ ადგილას გამოსცადე. სქელი ფენა ტყავს ამუქებს.
ზამში და ნუბუკი სულ სხვა ამბავია. წყალს ყველაზე ცუდად ისინი იტანენ, ამიტომ წვიმიან და თოვლიან დღეებში ჯობს შინ დარჩნენ. მაინც დაგისველდა? ჯერ გააშრე, მერე კი ხაო სპეციალური ჯაგრისით, ერთი მიმართულებით გადავარცხნე.
როცა ჩანთა „ისვენებს“
ზამთარში ბევრი ერთ-ორ ჩანთას ატარებს, დანარჩენი კი კარადაში იცდის. იქაც სჭირდება ცოტა ყურადღება:
- შესანახი ტომსიკა ბამბის ან სელის უნდა იყოს. პოლიეთილენი ტენს აკავებს და ტყავს შიგნით ობი ეკიდება.
- შიგნით ქაღალდი ჩაუდე, რომ ფორმა არ დაკარგოს.
- სახელურით ნუ ჩამოკიდებ. დიდხანს დაკიდებულ ჩანთას სახელური ეწელება.
- მანქანაში ნუ დატოვებ. ყინვისა და გამთბარი სალონის მონაცვლეობა ტყავისთვის მძიმე ასატანია.
და კიდევ: ჩანთები მონაცვლეობით ატარე. ყოველდღიურ ჩანთასაც უნდა დასვენება, კარადაში მივიწყებული კი მოუვლელად შრება.
ზამთრის მიწურულს ჩანთა ერთხელ კარგად შეათვალიერე: კუთხეები, სახელურების ძირი, ფსკერი. სადმე ნაკერი გაირღვა ან კიდე აიქერცლა? ნუ გადადებ, მაშინვე შეაკეთებინე. გაზაფხულზე მადლობას გეტყვის.
ინსპირაცია: The Purse Ladies: Caring for Luxury Purses in the Cold; Hammonds Flycatcher: ზამთრის ტყავის მოვლის გიდი